იტალიის სამხედრო მისიის საკითხი საქართველოში 1919 წელს – იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალების საფუძველზე

დამოუკიდებლობის პირველი წლისთავის აღნიშვნა, 1919 წლის 26 მაისი



საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აწუხებდა ბრიტანული ჯარების გასვლა ამიერკავკასიიდან და არ სურდა, რომ მარტო დარჩენილიყო «მოხალისეთა არმიის» პირისპირ; ამიტომაც, უარი არ უთქვამს იდეაზე, რომ ბრიტანელები სხვა «იმპერიალისტებს» ჩაენაცვლებინათ. ამ უკანასკნელთაგან პირველები აღმოჩნდნენ იტალიელები და საქართველოში იტალიური ჯარების გამოგზავნა ოფიციალურადაც გამოცხადდა. იტალიის მანდატ მოიცავდა საქართველოს და აზერბაიჯანს, მაგრამ ეს ქვეყანა ცდილობდა, რომ მანდატ მოეპოვებინა სომხეთზეც. მაგრამ საშინაო მდგომარეობამ, რომელიც კაბინეტის კრიზისს უკავშირდებოდა, 1919 წლის ივნისში გამოიწვია რლანდო-სონინოს მთავრობის დამარცხება, ხოლო ნიტი-ტიტონის ახალმა მთავრობამ უმალვე უარყო ამიერკავკასიაში იტალიის ყოფნის ჩანაფიქრი.

დასაწყისში, იტალიის ინტერესი საქართველოს მიმართ იმდენად სერიოზული იყო, რომ თითქოს საქართველოს მთავრობის იტალიური ორიენტაციაც წარმოიშვა. ეს ძლიერ მიმართულებად გამოჩნდა, მაგრამ მალევე გაქრა. იტალიას არ ჰქონდა ნედლეული, ხოლო «ნედლეულის ძიება» იმ წლებში იტალიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა. იტალიელებმა წამოაყენეს იდეა «ნედლეულის საერთაშორისო გადაყოფისა» (ავალიშვილი 2014: 260), როგორც ერთა ლიგის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა. ასეთ გარემოში, ბუნებრივად დაიბადა აზრი, რომ კავკასიის სიმდიდრის დასამუშავებლად მოეწვიათ იტალია. საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების მიმართ იტალიელებმა საკუთარი ინტერესი გაუზიარეს საქართველოს დელეგაციას პარიზის საზავო კონფერენციაზე, 1919 წლის მარტში. იმ დღეებში, ბრიტანეთმა იტალიის მთავრობას შესთავაზა მანდატი საქართველოზე; 1919 წლის 24 მარტს, იტალიის საბჭოს პრეზიდენტი, ორლანდო, სწერდა კოლონიების მინისტრს, კოლოსიმოს, რომ

«ამ ბოლო დღეებში, კონკრეტული ფორმა მიიღო ინგლისის შემოთავაზებამ, რომ კავკასიის რეგიონის საოკუპაციო ჯარები ჩაანაცვლოს იტალიის ჯარებმა. საგონებელში ვარ, ვინაიდან, თუკი რისკი არ არის მცირე, ცდუნება დიდია. ეს ტერიტორია ნედლეულის აღთქმული მიწაა, რისი სიმწირეც იტალიას აქვს, როგორიცაა ნავთობი, ქვანახშირი, რკინა, მარგანეცი, ტყვია და ვერცხლი... ამის საპირისპიროდ, მე მაქვს შეგრძნება იმ პოლიტიკური სირთულეებისა, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, თუკი რუსულ უსიამოვნებაში აღმოვჩნდებით... რუსეთის რევოლუციის შემდეგ მალევე, საქართველო გახდა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ამ დრომდე ინარჩუნებს ძალაუფლებას, აჩვენებს საკმარის სიმტკიცეს, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი ჩარევა თანხმობაშია საქართველოსთან, რომელიც აცხადებს, რომ თუკი ამით არ მოხდება მისი დამოუკიდებლობის შელახვა, საწინააღმდეგო არაფერი აქვს... თუმცა, კვლავაც სიმართლეა, რომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მოვიპოვოთ ძირითადი ნედლეული, რაც იტალიის ამჟამინდელ მდგომარეობას წაადგება» (Ministero degli Affari Esteri 2008: 3-4).


ეს წერილი, ან დიპლომატიური კორესპონდენცია, კარგად აჩვენებს, რომ იტალიელები ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი საქართველოში არსებული ნედლეულით. ამ მიზნის მიღწევა სასიკეთო იქნებოდა იტალიის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისთვის. კოლოსიმოს პასუხი, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ არქივებშია დაცული, გაცილებით უკეთ გვაცნობს იტალიის ნამდვილ გეგმებსა და იმედებს საქართველოში თავის სამხედრო მისიასთან დაკავშირებით. 1919 წლის 26 მარტს, იგი პასუხობდა ორლანდოს:

«ჩვენ ჯარებს გავგზავნით კავკასიის რეგიონში მაშინ, როდესაც ინგლისი მორჩება ყოყმანს და დატოვებს ამ ტერიტორიას. ჩვენ მას დავიკავებთ მხოლოდ იმ პირობით, თუკი ის დიდი სარგებლის წყაროს გვაჩვენებს... მაშინ როცა მას სამხედრო ოკუპაციის ფორმალური ასპექტები აქვს, რომლის სარისკო შედეგებიც შეიძლება შორეული იყოს და ბოლშევიკურ ძალებთან ბრძოლას გულისხმობდეს, საქართველოში ჩვენი ჯარების ყოფნის დაუყოვნებლივი კომპენსაცია არ არის ნახშირი, ნავთობი, ტყვია, ვერცხლი, ვინაიდან არ თქმულა, რომ საქართველოს რესპუბლიკა აგრეთვე მოგვცემს კონცესიებს, რომელთა სასარგებლოდ გამოყენებაც შეიძლება» (Ministero degli Affari Esteri 2008: 34).

1919 წლის 17 აპრილს, კონსტანტინეპოლში უმაღლესი კომისარი, სფორცა, საგარეო საქმეთა მინისტრ სონინოს ატყობინებდა, რომ ქართველებს, აზერბაიჯანელ თათრებს, სომხებს და რუსებს საჯაროდ სძულდათ ერთმანეთი, რასაც ემატებოდა მომეტებული ბოლშევიკური საფრთხე, სულ მცირე, საქართველოში. ბოლოს კი დასძენდა, რომ ეკონომიკური შეღავათების მიზნით უმჯობესი იქნებოდა, თუკი მისიას გამორჩეულად სამოქალაქო სახე ექნებოდა. აპრილის ბოლოსთვის, პოლკოვნიკ გაბბას მეთაურობით, იტალიის მისია, სამხედრო და სამოქალაქო პირების შემადგენლობით, თბილისს ეწვია. ამ შემთხვევაში, მარკიზ დელლა ტორრეტა (იტალიის მრჩეველი-დელეგატი პარიზში) ქართველ დელეგატებს განუმარტავდა, რომ ამ მისიის მიზანი იყო, გაცნობოდა ქვეყნის ფინანსურ სახსრებს და დაემყარებინა სამრეწველო და ეკონომიკური კავშირები. «შესაძლებელია, - დასძენდა იგი ინგლისის ჯარები გამოყვანილი იქნეს საქართველოდან, და ისინი შეცვალონ იტალიელების ჯარებმა; ამ შემთხვევაში იტალიელები, რა თქმა უნდა, არ ჩაერევიან საქართველოს შინაურ საქმეებში და მათი იქ ყოფნა დაემორჩილება იმავე პირობებს, რა პირობებითაც იყვნენ ინგლისელები. საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას კონფერენციაზე იტალია ყოველგვარათ შეუწყობს ხელს» (ავალიშვილი 2011: 261). 1919 წლის 10 მაისს, ამიერკავკასიაში ბრიტანეთის ჯარების მეთაურმა, გენერალმა თომსონმა, საქართველოს მთავრობის მეთაურს, ნოე ჟორდანიას, შეატყობინა, რომ ინგლისელებს იტალიელები ჩაანაცვლებდნენ. მდგომარეობა ხელსაყრელი არ ჩანდა, ვინაიდან დენიკინის მუქარა სულ უფრო მწვავე ხდებოდა.

1919 წლის ივნისის დასაწყისში, პოლკოვნიკი გაბბა პარიზში გამოიძახეს. იტალიის მთავრობას დინჯად უნდა გადაეწყვიტა: გაგზავნიდა თუ არა ჯარებს ამიერკავკასიაში? ეს გულისხმობდა საკითხს, მიიღებდა თუ არა იტალია მანდატს ამიერკავკასიაზე და, კონკრეტულად, საქართველოზე. ამ საქმის იდეალურად გამართლება არ იყო რთული – დახმარებობოდნენ ახალ ერებს, რომლებმაც დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ასეთი განცხადებები მრავალგვარი იყო როგორც ქართველების, ისე იტალიელების მხრიდან. მაგრამ, ერთი მხრივ, არსებობს კეთილშობილი შეხედულებები, ადამიანური გრძნობები და ალტრუისტული მიზნები, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკის მარადიული წარმმართველი პრინციპები, რეალისტური სახელმწიფო პოლიტიკა და რაციონალური პოლიტიკური გათვლები. როგორც წესი, ეს უკანასკნელი იმარჯვებს ხოლმე. ასე მოხდა მოცემულ შემთხვევაშიც. 1919 წლის ივნისში, პარიზიდან რლანდო ინფორმაციას აწვდიდა მეფე ვიქტორ ემანუელ III-, რომ «ერთადერთი საკითხი იმის ცოდნაა, შეძლებს თუ არა დროებითი მანდატის მქონე ამგვარი ჩარევა რისკების და ხარჯების კომპენსირებას. ასეთი გადაწყვეტილება ძალიან რთულია, ვინაიდან მისი ელემენტები მრავალ უცნობ საკითხზეა დამოკიდებულია» (Ministero degli Affari Esteri 2008: 722). ერთ-ერთი ასეთი «უცნობი» რასაკვირველია იყო რუსეთი. რუსეთის კოშმარი მუდამ თან ახლდა დიდი სახელმწიფოების სავარაუდო ან დაგეგმილ პოლიტიკას ამიერკავკასიაში. იმ პერიოდში, გერმანია ერთადერთი იყო, რომელიც უფრო გაბედულად მოქმედებდა, ბრიტანეთი და, განსაკუთრებით, იტალია მნიშვნელოვან კომპრომისს უწევდნენ რუსეთის ფაქტორს.

მხედველობაში უნდა მიეღოთ რუსეთის აღდგენა (რესტავრაცია), ვინაიდან ამის დრო ახლოვდებოდა. იტალიის მანდატის საკითხი წამოიჭრა მაშინ, როდესაც განიხილებოდა პოლიტიკა, რომელიც კონფერენციას უნდა განეხორციელებინა რუსეთის შემთხვევაში (კოლჩაკის მთავრობის ცნობის პირობები) და როდესაც ამიერკავკასიის რესპუბლიკებს და მოხალისეთა არმიას შორის კონფლიქტი დაიწყო. რუსეთის საკითხთან დაკავშირებით კონფერენციის პროგრამა არ უარყოფდა იტალიის ჯარების განლაგებას საქართველოსა და აზერბაიჯანში, არც იტალიის მანდატს. მაგრამ «ამ ნიადაგზე მოხალისეთა ლაშქართან შეტაკების ტაქტიკური შესაძლებლობა მაინც რჩებოდა. ამგვარად, კითხვა ბოლოს და ბოლოს როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევებში ხდება წყდება წაგება-მოგების შეფასებით» (ავალიშვილი 2012: 262). იტალიელები, თავიანთ მხრივ, სიფრთხილით ეკიდებოდნენ რუსეთის ფაქტორს; ამგვარი მიდგომა კარგად ჩანს ორლანდოს ტელეგრამაში მეფე ვიქტორ ემანუელ III-ის მიმართ (1919 წლის 6 ივნისს), რომელშიც ამბობდა

«ძალიან მტკიცედ უნდა ითქვას, რომ არაფერი გაკეთდება, რამაც შეიძლება რუსეთთან ანტაგონიზმის საფუძველი წარმოშვას, რომელიც, როდესაც აღდგება, გადამწყვეტი ელემენტი იქნება ევროპის ორიენტაციაში. მეორე მხრივ, ვერ უარვყოფთ, რომ თუკი ასე არ მოხდება მომავალში, ჩვენი დროებითი ოკუპაცია არ გაანაწყენებს რუსებს, არამედ, პირიქით, სასარგებლო ელემენტიც იქნება მომავალი შეთანხმებებისთვის» (Ministero

degli Affari Esteri 2008: 722).

იტალიის მანდატის მომხრეები ფიქრობდნენ, რომ მოკავშირეთა ჯარების ყოფნა საქართველოში მტრულად განწყობილი ძალების თავდასხმისგან ან შემოჭრისგან დაიცავდა საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც. ისინი იმედოვნებდნენ, რომ იტალიის მიერ რეგიონის ოკუპაცია მხოლოდ დროებითი იქნებოდა, ვიდრე საყოველთაო სიმშვიდე და ადგილობრივი ძალაუფლება არ დამყარდებოდა. ამ იდეას დიდი საფუძვლიანობით აჟღერებდა პუბლიცისტი დ. ანდრიული Corriere della Sera-ში; იგი დასძენდა, რომ «ერთადერთი, რაც იტალიას არ შეუძლია და არ შეეფერება გახდეს კავკასიაში ადმირალ კოლჩაკის გიპოტეტიურ რუსეთის ფედერაციის ჟანდარმათო» (ავალისშვილი 2012: 263). არსებობდნენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იტალია არ იყო კაპიტალით მდიდარი და მანდატის მიღება გამოიწვევდა შეჯახებას რუსულ იმპერიალიზმთან. მაგრამ მეფე დადებითად აფასებდა საქართველოში იტალიის ჯარების განლაგების იდეას და წერდა, რომ «მუდამ ვფიქრობ, რომ ჩარევა საქართველოში, თუნდაც რომ არ იყოს რუსეთთან უშუალო შეჯახების წყარო, დადებითად არ იქნება მიღებული ჩვენ ქვეყანაში. ძალიან რთული იქნება კავკასიაში გასაგზავნი სამხედრო ძალების რაოდენობის შეზღუდვა, და დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ამ ძალების ინტერვენცია დაიწყება, საბოლოოდ მათი რიცხვი უნდა გაზირადოს» (Ministero degli Affari Esteri 2008: 733).

მაგრამ ცოტა მოგვიანებით, მეფე ვიქტორ ემანუელ III-მ გარკვეულწილად შეიცვალა საკუთარი აზრი. მონარქის ამგვარი ყოყმანი უკავშირდებოდა იტალიის შეიარაღებული ძალების ადამიანურ რესურსებს და სხვა ქვეყნების გამოცდილებას. 1919 წლის 8 ივნისს, მეფე სწერდა ორლანდოს, რომ

«აღნიშვნის ღირსად ვთვლი, რომ დღეს რუსეთის ძალიან სერიოზულმა და პრაქტიკულმა პირმა მითხრა, რომ საქართველოს მდიდარ რეგიონებში თუნდაც დროებით დამკვიდრება, სულ მცირე, 100 000 ადამიანს საჭიროებს, და რომ საჭირო იქნება ამ ძალების გადანაწილება სადამკვირვებლო მოქმედებებისთვის, მათ ადვილად დაემუქრებათ სერიოზული საფრთხეები, მათ შორის ბოლშევიკების შემოჭრა» (Ministero degli Affari Esteri 2008: 744).

როგორც ვიცით, იტალიისთვის მანდატის მინიჭების საკითხი უარყოფითად გადაწყვიტა ნიტის მთავრობამ. ამ შემთხვევაში, “თეთრი არმიის გადაჭარბებულად შეფასებამ თავისი როლი შეასრულა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტსაც, რომ იტალიას სურდა რაც შეიძლებოდა სწრაფად დემობილიზაცია. ზოგადად რომ ითქვას, 1919-1920 წლებში იტალია ძალიან დასუსტებული და მოდუნებული იყო იმისათვის, რომ საქართველოს მანდატის აღება გაებედა. 1919 წლის 9 აგვისტოს, იტალიის სამხედრო მისიამ თბილისში ოფიციალურად განაცხადა, რომ იტალიის ჯარები არ შემოვიდოდნენ საქართველოში. თავის ცნობილ წიგნში Europa senza pace («ევროპა მშვიდობის გარეშე») ნიტი საკუთარ დამსახურებად თვლიდა, რომ უარი თქვა საქართველოში სამხედრო ექსპედიციის გაგზავნაზე, როგორც კი მთავრობის მეთაური გახდა. მისი თქმით, მთელი მე-12 კორპუსი, რომელიც ორი ქვეითი დივიზიისგან და ალპების დანაყოფისგან შედგებოდა, უკვე მზად იყო გასაგზავნად (ავალიშვილი 2011). ნიტი საქართველოს რუსეთის შემადგენელ ნაწილად განიხილავდა. ზემოთ ხსენებულ წიგნში იგი წერდა, რომ «ომამდე საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა და არც ერთი მოკავშირე ქვეყანა არ თვლიდა ამას უსამართლობად» (Nitti 1922: 147).


ნიტის მტკიცებით, თუკი იტალია ექსპედიციას გაგზავნიდა საქართველოში, ეს იქნებოდა «საშინელი სამხედრო თავგადასავალი», რომელიც რთულ და ძვირ ტრანსპორტირებას საჭიროებდა. მისივე რწმენით, «საქართველოში შესვლა იტალიისთვის უდავოდ ნიშნავს ომს რუსეთთან და, ამავე დროს, უჩვეულო სირთულეებით აღსავსე ომს» (Nitti 1922: 148). შემდეგ ნიმუშად იშველიებდა ალბანეთის მაგალითს და აცხადებდა, რომ საქართველოში ექსპედიციის შესაძლო გაგზავნა განადგურებას ნიშნავდა.

საქართველოში იტალიის ჯარების განლაგებაზე უარის თქმამ დაუცველი დატოვა მთელი რეგიონი საგარეო აგრესიის წინაშე და, განსაკუთრებით, საქართველოს იმედგაცრუება გამოიწვია. ეს უკანასკნელი მეტად დარწმუნდა საკუთარ ეჭვებში, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აღარ უნდა ჰქონოდა დასავლეთის სახელმწიფოთა პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი. თავის მხრივ, იტალია, რომელიც დიდ სახელმწიფოებს შორის ყველაზე სუსტი იყო, ძალიან ფრთხილად მოქმედებდა, თუ არა შიშით, ამიერკავკასიაში რუსეთის ფაქტორის მიმართ; არსებობდა ძლიერი მოლოდინი, რომ როდესაც რუსეთი სრულად აღდგებოდა, აუცილებლად განაცხადებდა პრეტენზიას რეგიონში დომინირებაზე (და სწორი ვარაუდიც იყო). გარდა ამისა, იტალია ძალიან სუსტი იყო სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით იმისათვის, რომ საქართველოში საკუთარი ჯარების შესანახად დიდი თანხები გაეღო. ფაქტობრივად, დიდი ძალისხმევის შემდეგ, რომ თავდაცვის უზრუნველსაყოფად მიეზიდა რომელიმე დასავლური სახელმწიფო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სრულიად მარტო აღმოჩნდა; არ არსებობდა რაიმე მხარდაჭერა ან ინტერესი ამ მცირე ქვეყნის მიმართ ევროპის მხრიდან და, განსაკუთრებით, საქმეთა ამგვარმა მდგომარეობამ «მწვანე შუქი» მისცა რუსეთის აგრესიულ მოქმედებას მთელ ამიერკავკასიაში. მეორე მხრივ, ამას თან ახლდა ახალი თურქეთის გააქტიურებაც. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს უახლოვდებოდა პოლიტიკური ქარიშხალი, რომელიც ქვეყნის განადგურებას მოასწავებდა. მოახლოებული კატასტროფა გარდაუვალი ჩანდა, მომდევნო თვეებში კი მან მომავალი 70 წლის განმავლობაში პოლიტიკური რუკიდან გააქრო საქართველო, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული.





ბიბლიოგრაფია:

Avalishvili, Zurab. 2011. Independence of Georgia in 1918-1921 International Politics. Tbilisi, Georgia: Mkhedari. Origin. 2011. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921
წლების საერთაშორისო პოლიტიკაში.


Denikin, Anton. 2002. Russian Officer’s Way. Moscow, Russian Federation: Bagrius. Origin.

2002. Путь Русского Офицера.

Government of the Republic of Georgia. 1919 (reprinted in 1990). Documents and Materials on Foreign Policy of the Caucasus and Georgia. Tbilisi, Georgia: Tipografija Pravitelstva Gruzinskoi Respubliki. Origin. 1919 (переиздано в 1990 г.). Документи и материали по Внушнеи Политике Закавказия и Грузии.

Ministero degli Affari Esteri, Commissione per la Pubblicazione dei Documenti Diplomatici.
2008. 24 Marzo-22 Giugno 1919. Volume III di Documenti diplomatici italiani, sesta serie:

1918-1922.Roma, Italia: Istituto Poligrafico e Zecca dello Stato, Libreria dello Stato.

Nitti, Francesco S. 1922. Peaceless Europe. London, UK: Cassell and Company.

Comments

პოპულარული

დიპლომატიის ენა და დიპლომატიური ენა

რეალიზმიდან ნეორეალიზმამდე - კენეთ უოლცი

დიპლომატია შუა საუკუნეებში: რომის კათოლიკე ეკლესია