დიპლომატიის ენა და დიპლომატიური ენა


                                    


 დიპლომატიის ენა და დიპლომატიური ენა

მარტივი განსაზღვრებით, დიპლომატიის ენა წარმოადგენს იმ ენას, რომლის საშუალებითაც ხორციელდება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების რეგულირება - დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებათა შედგენა და რატიფიცირება. ამ მხრივ, საუკუნეების განმავლობაში საყოველთაო გამოყენება ჰქონდა ლათინურს; იყო დრო, როდესაც ადამიანებმა მხოლოდ ამ ენაზე იცოდნენ წერა, სულ მცირე, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. როდესაც ფრანგულმა, ესპანურმა, იტალიურმა და ინგლისურმა ენებმა ლიტერატურული ფორმა მიიღო, დიპლომატიური წარმომადგენელი ინსტრუქციებს მშობლიურ ენაზე იღებდა (გერმანული მოგვიანებით დამკვიდრდა). ლათინური კვლავაც გამოიყენებოდა დიპლომატთა შორის მოლაპარაკებებში, მაშინ როცა მათ არ შეეძლოთ ერთმანეთთან კომუნიკაცია საკუთარი ენის საშუალებით. ლათინურის შემდეგ ყველაზე ხშირად გამოყენებადი გახდა ფრანგული ენა. მე-15 საუკუნის დასასრულს, ფრანგული სავოიის და ნიდერლანდების სამეფო კარის ენად იქცა, ასევე გამოიყენებოდა რომის წმინდა იმპერატორის კარზეც. როდესაც 1508 წელს კამბრეის ლიგა (ალიანსი, რომელშიც შედიოდნენ პაპი იულიუს II, რომის წმინდა იმპერატორი მაქსიმილიან I, საფრანგეთის მეფე ლუი XII და არაგონის მეფე ფერდინანდ II, და რომელიც ოტომანთა იმპერიის საწინააღმდეგოდ შეიქმნა, თუმცა რეალურად თავს დაესხხა ვენეციის რესპუბლიკას და მისი სამფლობელოები დაინაწილა) შეიქმნა, იმპერიის და ფრანგ მომლაპარაკებლებს შორის კომუნიკაცია ფრანგული ენის საშუალებით ხდებოდა, ხოლო შეთანხმებათა რატიფიკაცია - ლათინურ ენაზე. ინგლისის მეფე ჰენრი VI (1421-1471წწ) საფრანგეთის მეფე შარლ VII-ს (1403-1461წწ) ფრანგულად წერდა და, ზოგადად, ამ ორ ქვეყანას შორის წერილობითი და ზეპირსიტყვიერი ენა ფრანგული იყო. მე-16 საუკუნის დასასრულს, საფრანგეთის მეფე ლათინურად მხოლოდ პოლონეთის მეფეს წერდა.

Lingua franca, სიტყვასიტყვით “ფრანკთა ენა” (ძველი ფრანკების დასავლეთ გერმანუნიკული ენა), გამოიყენება ენობრივად განსხვავებულ ხალხებსა და ჯგუფებს შორის კომუნიკაციის საშუალებად. ტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა შუა საუკუნეებში და გამოხატავდა ფრანგულ და იტალიურ ენაზე დაფუძნებულ ჟარგონს, ხოლო მოგვიანებით განავითარეს ჯვაროსნებმა და ვაჭრებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. ქრისტეს შობამდე მე-7 საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის დაახლოებით 650 წლამდე, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ამგვარ როლს ასრულებდა არამეული ენა, ხოლო ლათინური ევროპელ სწავლულთა დომინანტ ენად ითვლებოდა მე-18 საუკუნემდე. ლათინურს აგრეთვე ოფიციალურ ენად იყენებდა ჰანზეატური ლიგა (ასევე ცნობილია როგორც “ჰანზის კავშირი”, ჩრდილოეთ გერმანული ქალაქებისა და საზღვარგარეთ გემანელ ვაჭრთა თემების მიერ დაფუძნებული გაერთიანება, რათა დაეცვათ საკუთარი სავაჭრო ინტერესები. მე-13-მე-15 საუკუნეებში, ლიგა დომინირებდა ჩრდილოეთ ევროპის სავაჭრო საქმიანობაში, განსაკუთრებით საბუღალტრო საქმეში). მე-15-მე-18 საუკუნეებში, ევროპული აღმოჩენების ეპოქაში, ინდოეთის ოკეანიდან იაპონიამდე აფრიკისა და აზიის სანაპირო ზონებში დომინირებდა პორტუგალიური, როგორც დიპლომატიური და სავაჭრო ენა. თანამედროვე lingua franca-დ ხშირად მოიხსენიებენ გაეროს ექვს ოფიციალურ ენას - არაბულს, ჩინურს, ინგლისურს, ფრანგულს, რუსულსა და ესპანურს.

მე-16 საუკუნის დასაწყისში, ინგლისურ, გერმანულ ან იტალიურ ენაზე დადებული ყველა შეთანხმება შიდა გამოყენებისთვის იყო გამიზნული. ინგლისური ენა ინგლის-შოტლანდიის ურთიერთობებში გამოიყენებოდა, გერმანული - გერმანელ მთავრებს შორის და ბოჰემიასთან, უნგრეთსა და შვეიცარიასთან გერმანიის ურთიერთობაში, იტალიური - იტალიის მცირე ქალაქ-სახელმწიფოებს შორის. ნიდერლანდებში ადგილობრივი ენა ფრანგული იყო. მხოლოდ ორი ენა გამოიყენებოდა საერთაშორისო შეთანხმებების შედგენაში: ლათინური - სამოციქულო ნოტარიუსებისა და რომის კანცელარიისთვის, და ფრანგული. ინგლისი და გერმანია ამ უკანასკნელს იყენებდნენ რეგულარულად, განსაკუთრებით საფრანგეთსა და ნიდერლანდებთან ხელშეკრულებების გაფორმებისას. თუმცა, მე-15 საუკუნის დასასრულს, საფრანგეთთან ურთიერთობაში ინგლისი ლათინურს დაუბრუნდა.

მე-13 საუკუნისთვის, ფრანგული ენა უკვე ფართო მოხმარებაში იყო. ის დაკავშირებული იყო მაღალ საზოგადოებასთნ, რომელიც სიმდიდრესა და სოციალურ სტატუსს ესწრაფვოდა. მე-14 საუკუნის შუა ხანებისთვის, კომუნიკაციისთვის ყველაზე ფართოდ გამოიყენებოდა ფრანგული, რომლის საშუალებითაც ქვეყნები ერთმანეთს შორის წარმართავდნენ დიპლომატიურ საქმეებს. მე-16 საუკუნის შუა პერიოდში, საფრანგეთში გამოიცა დეკრეტი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული დოკუმენტები მხოლოდ ფრანგულ ენაზე უნდა ყოფილიყო. ამგვარად, მომავალი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ფრანგული მსოფლიო ლიდერად იქცა და მისი სწავლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს. მე-17 საუკუნისთვის, ფრანგული ენა უკვე ცნობილი იყო, როგორც დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების ენა მსოფლიო მასშტაბით.

ვესტფალიის ხელშეკრულებები (1648წ) ლათინურ ენაზე იქნა შედგენილი. 1648 წლის 30 იანვრის ხელშეკრულება ესპანეთს და გაერთიანებულ პროვინციებს შორის, რომლითაც აღიარებული იქნა ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობა, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე იქნა შედგენილი, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციამდე საფრანგეთსა და იმპერიას შორის ყოველგვარი კომუნიკაცია ლათინურ ენაზე ხორციელდებოდა. 1670 წლის 11 ივლისის ხელშეკრულება ინგლისსა და დანიას შორის ლათინურადაა, ისევე როგორც 1674 წლის ინგლის-ჰოლანდიის ხელშეკრულება (თუმცა, 1677-1678 წლების ალიანსის ხელშეკრულება - ფრანგულად). 1701 წლის დიდი ალიანსის ხელშეკრულება ლათინურად იყო შედგენილი, ისევე როგორც 1703 წლის ხელშეკრულება ინგლისს, რომის წმინდა იმპერატორს, ნიდერლანდების გენერალურ შტატებს და პორტუგალიას შორის. რუსეთი თავის ადრეულ ხელშეკრულებებში ბრანდენბურგთან გერმანულს იყენებდა, ავსტრიასთან - გერმანულს, ლათინურს და ფრანგულს, ხოლო დაახლოებით მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან მხოლოდ ფრანგულს. ინგლისთან კი - მუდამ ფრანგულს 1715 წლიდან.

მე-18-მე-19 საუკუნებში, თანდათან აღმასვლას იწყებს ინგლისური ენა. ამის პირველი იმპულსი იყო დიდი ბრიტანეთის მიერ დაწყებული ინდუსტრიული რევოლუცია. ქვეყანამ წინსვლა დაიწყო მეცნიერებაში, ახალი ტექნოლოგიების აღმოჩენასა და ახალი კონცეფციების შემუშავებაში. ბრიტანეთის იმპერიის ძალაუფლებისა და გავლენის ზრდა მსოფლიო მასშტაბით, რასაც თან სდევდა უნივერსიტეტებისა და სავაჭრო ცენტრების დაფუძნება, ასუსტებდა საფრანგეთის კულტურულ ძლიერებას. მე-19 საუკუნისთვის, ბრიტანეთი მსოფლიოს სუპერსახელმწიფოდ იქცა: მისი იმპერია მოიცავდა ინდოეთს, ავსტრალიას, ვესტ-ინდოეთს, ბრიტანეთის გვიანას (სამხრეთ ამერიკა), რამდენიმე ქვეყანას აფრიკაში, ტერიტორიებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ბრიტანეთი და ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული შეერთებული სტატები ინგლისურად საუბრობდნენ და მსოფლიოს ყველაზე პროდუქტიულ და სწრაფად მზარდ ეკონომიკებს წარმოადგენდნენ. ბისმარკი ამბობდა, რომ შეერთებული შტატები, როგორც ინგლისურენოვანი ერი, თანამედროვე ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტი იყო.

პირველი მსოფლიო ომის (1914-1918წწ) და ვერსალის ხელშეკრულების (1919წ) შემდეგ, ბრიტანეთის იმპერიამ თავის მწვერვალს მიაღწია, მაგრამ მისი ბედი დრამატულად შეიცვალა მეორე მსოფლიო ომის (1939-1945წწ) შემდეგ. ევროპა ნანგრევებში აღმოჩნდა, დიდი ბრიტანეთი კი - გაკოტრებული. კონტინენტის ფაქტობრივ მებატონეებად შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი იქცნენ. დასავლურ, დემოკრატიულ სამყაროში, შეერთებული შტატების გავლენის წყალობით, დომინანტურ ენად იქცა ინგლისური. ამას ხელი შეუწყო გაეროს შექმნამ და ინტერნეტის გავრცელებამაც. ინგლისური გაეროს ექვს ოფიციალურ ენას შორისაა. ის საერთაშორისო ბიზნესის, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ავიაციის lingua franca-ა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ინგლისური ენის ფართოდ გამოყენება განსაზღვრა შეერთებული შტატების სამხედრო, ეკონომიკურმა და კულტურულმა დომინანტობამ. ინგლისური უდავოდ დომინანტურია სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კომუნიკაციებში, და მსოფლიოს მთავარი სამეცნიერო ჟურნალები სწორედ ინგლისურ ენაზე გამოიცემა.

ამგვარად, მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე ფრანგული საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის მთავარი ენა იყო. 1550 წლიდან მე-19 საუკუნემდე, როდესაც საფრანგეთი ევროპის წამყვარი სახელმწიფო იყო, ფრანგული ენაც ყველაზე ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ფრანგული ორი ძირითადი მიზეზით გამოიყენებოდა ფართოდ საერთაშორისო დიპლომატიაში: პირველი, ვინაიდან საფრანგეთი ძლიერ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა (ასე იყო ევროპაში მე-18 საუკუნიდან, როდესაც ლუი XIV მეფობდა, ხოლო შემდეგ ნაპოლეონმაც შეუწყო ხელი ფრანგული ენის გავრცელებას). საერთაშორისო ხელშეკრულებეში ფრანგული ენის გამოყენების შემცირება დაიწყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებული შტატების გამოჩენით მსოფლიო სცენაზე. ვერსალის ხელშეკრულება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე იყო შედგენილი; მეორე, ვინაიდან ფრანგული სიცხადისა და სიზუსტის ენაა: ის იყენებს მრავალ მსაზღვრელს, ზმნიზედას, კავშირს, და ადვილად აკავშირებს წინადადების სხვადასხვა ნაწილებს და ცხადად აჩვენებს მათ მიმართებებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფრანგულმა დაკარგა თავისი უწინდელი პრესტიჟი, დიპლომატიის ინგლისური ენა კვლავაც იყენებს ზოგიერთ ფრანგულ ტერმინს, როგორიცაა regime (რეჟიმი), coup (გადატრიალება), etiquette (ეტიკეტი), rapprochement (დაახლოება) და ა.შ.

დიპლომატიის ენისა და მისი ისტორიის ამ მოკლე მიმოხილვის შემდეგ, საჭიროა ახლა მცირე ყურადღება დავუთმოთ დიპლომატიურ ენას. რა არის დიპლომატიური ენა და არის თუ არა ის საჭირო? ერთ-ერთ რწმენათაშორისი ხასიათის ბანკეტზე კათოლიკე მღვდელმა უთქრა რაბინს: “როდის დაანებებთ თავს თქვენ დრომოჭმულ ჩვეულებებს და შეჭამთ ამ გემრიელ ლორს?”, პასუხად კი მიიღო: “თქვენ ქორწილში, მამაო” (Kurbalija and Slavik 2001: 21). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პიროვნულ ან საქმიან ურთიერთობაში არამართებულმა ხუმრობამ შეიძლება დიდი უხერხულობა შექმნას. სწორედ ამგვარი უხერხულობისა და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო დიპლომატიური ენა. დიპლომატიური ენა არის საშუალება პიროვნებისათვის, რომ თავაზიანი ფორმით გამოხატოს თავისი შეხედულებები, ის აგრეთვე ინსტრუმენტია ადამიანთა შორის ეფექტური კომუნიკაციისათვის, როდესაც დადგენილი ნორმების და ეტიკეტის ფარგლებში განიხილავენ გარკვეულ საკითხებს, რომლებიც შეიძლება სადავოც კი იყოს.
ყოველგვარი ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია, - უბრალო საუბარი, შეხედულებების გაზიარება, ფორმალური დიპლომატიური მიმართვა, ოფიციალური მოლაპარაკება ან სხვა რაიმე ფორმა - დიალოგია და, ამდენად, გულისხმობს საუბარს და მოსმენას. საუბარი გულისხმობს სიტყვების გამოყენებას, წინადადებების სახით მათ ჩამოყალიბებას, შემდეგ კი ამ წინადადებების დაწყობას ლოგიკური თანმიმდევრობით. გარდა ამისა, ის გულისხმობს ზოგიერთ სიტყვაზე ყურადღების გამახვილებას (აქცენტის დასმას) ან წინადადების გარკვეულ ნაწილზე ხაზგასმას. ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია აგრეთვე მოიცავს არაერთ “გვერდით ეფექტს”, მაგალითად როგორიცაა ხმის ტემბრი (მეგობრული, საზეიმო, სანდო, მრისხანე, მშვიდი და ა.შ), სიტყვებს ან წინადადებებს შორის პაუზები, თანმიმდევრობა გზავნილის სხვადასხვა ნაწილებს შორის, ჟესტიკულაცია, სახის მიმიკა, ღიმილი და ა.შ.

სწორი, შესაფერისი სიტყვების შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიაში. საუკუნეთა განმავლობაში ძალზე გაწონასწორებული, თავშეკავებული და ზომიერი ლექსიკა ჩამოყალიბდა, რაც სიტყვათა მნიშვნელობის ნიუანსების კონტროლის საშუალებას იძლევა (როდესაც ეთანხმები მოსაუბრეს ან მაშინაც, როდესაც არ იზიარებ მის შეხედულებებს). როდესაც დიპლომატი თავისი თანამოსაუბრის ენის ან თუნდაც ცალკეული სიტყვების ინტერპრეტაციას ახდენს, იგი ყოველთვის ამოდის იმ თვალსაზრისიდან, რომ დიალოგისთვის შერჩეული სიტყვები და ფრაზები გაცნობიერებული და წინასწარმოფიქრებულია. არავინ უნდა იფიქროს, რომ კომუნიკაციის დროს გამოყენებული სიტყვები ენის არასაკმარისად ცოდნის, ცუდი თარგმანის ან ცუდი განწყობის შედეგია. ამიტომ, მოსაუბრე დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს საკუთარ ფორმულაციებს. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია წერილობითი ტექსტის მომზადების პროცესში.

დიპლომატიური ენის შესახებ კვლევებში გადმოცემულია ძლიერი აზრი, რომ დიპლომატიური ენის არსი არის ენის გამოყენება იმ მეთოდით, რომელიც ხელს უწყობს ერებს შორის კონსენსუსისა და თანამშრომლობის შექმნასა და შენარჩუნებას. მატოსის (2004) თანახმად, დიპლომატიური ენა შეიძლება აღწერილი იქნას როგორც  “მშვიდობისმშენებელი, მშვიდობისმყოფელი და მშვიდობისხელშემწყობი ძალა” (Matos 2004: 283). იგივე ავტორი საუბრობს იმ 5 თვისებაზე, რომლებიც დიპლომატიურ ენას აღწერენ: 1. “რა შეიძლება ითქვას” კონსტრუქციულად, და “რა შეიძლება არ ითქვას”; 2. ენის, როგორც მშვიდობისმშენებელი, მშვიდობისმყოფელი და მშვიდობისხელშემწყობი ძალის, გამოყენება; 3. ენის პოტენციურად აგრესიული, უყურადღებო, შეურაცხმყოფელი, დესტრუქციული გამოყენების თავიდან არიდება; 4. კომუნიკაცია ტაქტიანად და ტაქტიკურად; 5. კონსტრუქციული პოზიციის დაჭერა, საკუთარი დამოკიდებულებების, რწმენებისა და ემოციების გამოსახატავდ (Matos 2004: 283-285).

ტექსტების წერისათვის გამოყენებული ენა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. წარსულში იყო პერიოდები, როდესაც ერთი ცალკეული ენა ასრულებდა უპირატეს როლს საერთაშორისო ურთიერთობებში (პოლიტიკური, ეკონომიკური, სტრატეგიული და კულტურული დომინანტობის წყალობით). დღეს, საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობა ინგლისურ ენაზე მუშაობს. ხელშეკრულებები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტებიც უმეტესწილად ინგლისურ ენაზე იდება. საერთაშორისო ენის (ამ შემთხვევაში, ინგლისურის) გამოყენება მნიშვნელოვანია საერთაშორისო საქმეთა ეფექტური წარმართვისათვის, თუმცა მან შეიძლება გაუგებრობებიც წარმოშვას კულტურებს შორის ურთიერთობებში. მოლაპარაკებებში ფუნდამენტური პროცედურების საყოველთაო მოდელის არსებობის მიუხედავად, გაუგებრობები შეიძლება წარმოაშვას იმ განსხვავებულმა მნიშვნელობებმა, რომლებიც შეიძლება სიტყვებს მიანიჭონ, რაზეც დიდ გავლენას ახდებს კულტურული ფაქტორები.

დიპლომატიის ასოციაცია კომუნიკაციასთან ისტორიული პროცესია. მე-16 საუკუნის თეორეტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ პირველი დიპლომატები ანგელოზები იყვნენ - მაცნეები ღვთაებებს და ადამიანებს შორის. სიტყვა “კომუნიკაცია” მომდინარეობს ლათინური ზმნიდან communicare, რაც ნიშნავს “გაზიარებას ან გადაცემას”. საუკუნეთა განმავლობაში, დიპლომატიური კომუნიკაციისთვის არსებით პრობლემას წარმოადგენდა საერთო აზრის მიღწევა. თუმცა, დიპლომატიურ კომუნიკაციას ხშირად ახასიათებდა სიყალბე და ორპირობა, რაც ორაზროვნებას აძლევდა ბიძგს. დიპლომატები ხშირად ამბობენ იმაზე ნაკლებს ან მეტს, რასაც სინამდვილეში გულისხმობენ: ნაკლებს, ვინაიდან მათი ვერბალური და არავერბალური სიგნალები არასდროს გადასცემს რეალურ მნიშვნელობას; მეტს, ვინაიდან მათი სიგნალები ყოველთვის გადასცემს გზავნილებს და იმ შედეგების მოლოდინს ქმნის, რომლებიც არასდროს იქნება. ამგვარად, სიგნალების ინტერპრეტაცია შეიძლება მოიცავდეს შერჩევით ან კონსტრუქციულ ელემენტებს.

დიპლომატიური (არავერბალური) ენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშუალება ხელის ჩამორთმევაა, რომელიც საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მეგობრული ხასიათის მეტაფორა. ხელის ჩამორთმევის უპირველესი აზრი ისაა, რომ მხარეებს ხელში არ უკავიათ იარაღი. არავერბალურ კომუნიკაციას თავისი უპირატესობები აქვს. ის ხშირად უკეთესია სხვადასხვა აუდიტორიათა ყურადღებისა და დაინტერესების მისაპყრობად. დიპლომატთა თვალსაზრისიდან გამომდინარე, კიდევ ერთი უპირატესობა შეიძლება ის იყო, რომ არავერბალური სიგნალები ხშირად ორაზროვანია, რაც თავშეკავებული მოქნილობის შესაძლებლობას იძლევა.

დიპლომატიური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება იყოს მეტაფორის გამოყენება. დიპლომატიური ტექსტი ორიენტირებული უნდა იყოს არა მარტო ინფორმაციის გადაცემაზე, არამედ მისი მიმღების დარწმუნებასა და მასზე გავლენის მოხდენაზე. მეტაფორა შეიძლება ძლიერი ენობრივი ინსტრუმენტი აღმოჩნდეს დიპლომატის ხელში. გამჭრიახი და სიფრთხილით შედგენილი დიპლომატიური ენა შეიძლება გამოყენებული იქნას რაიმეს დასამალად, ან საჩვენებლად. მეტაფორა შეიძლეგა გამოხატავდეს ზომას და მასშტაბს (ძალის ძლიერება, დემოკრატიის ჩემპიონი), თანამშრომლობას (გლობალური ეკონომიკური არქიტექტურა, ახალი პარტნიორობის მშენებლობა, გაგების საზღვრების გაფართოება), დაშორიშორებას (თავისი გზა მონახოს), დიპლომატიას, როგორც მაღალი დონის ხელოვნებას (თანამედროვე სამყაროს სურათი, დემოკრატიული ფასეულობების მდიდარი მოზაიკა), სპეციფიკურ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ფენომენებს (შუამავლური დიპლომატია, სამხედრო დიპლომატია, ხმაურიანი პროტესტი, ომის ზღვარი, პოლიტიკის მემარცხენე/მემარჯვენე ფრთა) და ა.შ.

Kurbalija, Jovan, and Hannah Slavik. eds. 2001. Language and Diplomacy. Malta: DiploProjects.

Matos, F.G. 2004. “Applying the Pedagogy of Positiveness to Diplomatic Communication”. Paper presented at the Second International Conference on Intercultural Communication and Diplomacy, Malta, 13-15 February. 


By ირაკლი ჯავახიშვილი

Comments

პოპულარული

რეალიზმიდან ნეორეალიზმამდე - კენეთ უოლცი

დიპლომატია შუა საუკუნეებში: რომის კათოლიკე ეკლესია