კენეთ უოლცი. 1979. საერთაშორისო პოლიტიკის თეორია (გვ. 102-104)
ანარქიული სტრუქტურა
და ძალთა ბალანსი
1. ძალადობა შინ და გარეთ
ხშირად ამბობენ,
რომ სახელმწიფოთა გარემოში სახელმწიფო თავის საქმეებს ძალადობის სახიფათო ჩრდილქვეშ
აკეთებს. ვინაიდან ზოგიერთმა სახელმწიფომ შეიძლება ნებისმიერ დროს გამოიყენოს ძალა,
ყველა სახელმწიფო მზად უნდა იყოს იგივეს გასაკეთებლად - ან სამხედრო თვალსაზრისით უფრო
ძლიერი მეზობლების მოწყალების იმედად იარსებონ. სახელმწიფოთა შორის, ბუნებრივი მდგომარეობა
ომის მდგომარეობაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ომი მუდმივი მოვლენაა, არამედ იმას, რომ
ვინაიდან ყოველი სახელმწიფო თავად წყვეტს, გამოიყენოს თუ არა ძალა, ომი შეიძლება ნებისმიერ
დროს დაიწყოს. ოჯახში, საზოგადოებაში ან მთლიანად მსოფლიოში ურთიერთობა, სულ მცირე
პერიოდული კონფლიქტის გარეშე, წარმოუდგენელია; და იმედი, რომ ისეთი ძალის არარსებობისას,
რომელიც უხელმძღვანელებს ან გააკონტროლებს კონფლიქტურ მხარეებს, რომ მუდამ თავი აარიდონ
ძალის გამოყენებას, რეალისტურად ვერ ჩაითვლება. ადამიანთა შორის, ისევე როგორც სახელმწიფოთა
შორის, ანარქია, ანუ მთავრობის არარსებობა, ძალადობის გამოყენებასთან არის დაკავშირებული.
ძალადობის საფრთხე
ან ძალის პერიოდული გამოყენება საერთაშორისო საქმეებს განასხვავებს ეროვნულისაგან.
მაგრამ მსოფლიო ისტორიაში უდავოა, მმართველთა უმეტესობა ითვალისწინებდა, რომ მათ ქვეშევრდომებს
შეიძლებოდა გამოეყენებინათ ძალა წინააღმდეგობის გასაწევად ან მათ დასამხობად. თუკი
მთავრობის არარსებობა დაკავშირებულია ძალადობის საფრთხესთან, იგივე ხდება მისი არსებობის
დროსაც. ეროვნული ტრაგედიების ზედაპირული ჩამონათვალიც კი ძალზე კარგად აჩვენებს ამ
მოსაზრებას. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ასი წლის განმავლობაში ყველაზე გამანადგურებელი
ომები მოხდა არა სახელმწიფოებს შორის, არამედ მათ შიგნით. ჩინეთის ტაიპინის აჯანყებაში, რომელიც 1851 წელს დაიწყო და 13
წელიწადს გაგრძელდა, დაღუპულთა რაოდენობა 20 მილიონს აღწევს. ამერიკის სამოქალაქო ომში
600 ათასი ადამიანი დაიღუპა. უახლეს ისტორიაში კი, იძულებითმა კოლექტივიზაციამ და სტალინის
რეპრესიებმა ხუთი მილიონი რუსი იმსხვერპლა, ხოლო ჰიტლერმა ექვსი მილიონი ებრაელი გაანადგურა.
ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სახელმწიფო გადატრიალებები და ამბოხებები ეროვნული ცხოვრების
ჩვეულებრივ მოვლენებად იქცა. 1948 და 1957 წლებს შორის, მაგალითად, 200 ათასი კოლუმბიელი
მოკლეს სამოქალაქო დაპირისპირებაში. 1970-ანი წლების შუა პერიოდში, იდი ამინის უგანდის
მაცხოვრებელთა უმეტესობის ყოფა გაუარესდა, ცხოვრება კი გაუსაძლისი და ხანმოკლე გახდა,
სწორედაც თომას ჰობსის ბუნებითი მდგომარეობის მსგავსად. თუკი ასეთი შემთხვევები ცდომილებებია,
ისინი არასასიამოვნო საყოველთაო მოვლენებია. ჩვენ ადვილად გვრჩება მხედველობიდან ის
ფაქტი, რომ ბრძოლები სახელმწიფოებში ძალაუფლების მისაღწევად და შესანარჩუნებლად, წესრიგის
დასამყარებლად, და გარკვეული სახის სამართლიანობის აღსასრულებლად, შესაძლოა უფრო სისხლიანი
იყოს, ვიდრე მათ შორის წარმოებული ომები.
თუკი ანარქია
გაიგივებულია ქაოსთან, განადგურებასთან, და სიკვდილთან, მაშინ განსხვავება ანარქიას
და მთავრობას შორის ბევრს არაფერს გვეუბნება. რა უფრო სახიფათოა: სახელმწიფოს ყოფნა
სახელმწიფოთა შორის თუ მთავრობის ყოფნა თავის ქვეშევრდომებთან ურთიერთობაში? პასუხი
დროსთან და ადგილთან ერთად იცვლება. სახელმწიფოთა შორის, ზოგჯერ, ძალადობის ფაქტობრივი
ან მოსალოდნელი გამოყენება დაბალია. სახელმწიფოებში, ზოგჯერ, ძალადობის ფაქტობრივი
ან მოსალოდნელი გამოყენება მაღალია. ძალის გამოყენება, ან მისი გამოყენების გამუდმებული
მუქარა, საკმარისი საფუძველი არაა იმისათვის, რომ საერთაშორისო საქმეები გამოვარჩიოთ
საშინაოსგან. თუკი ძალის შესაძლო და ფაქტობრივი გამოყენება ორივეს - ეროვნულ და საერთაშორისო
წესრიგს - ახასიათებს, მაშინ ამ ორ სფეროს შორის ვერ იქნება დიდი განსხვავება ძალის
გამოყენების ან არგამოყენების პირობებში. ვერანაირი ადამიანური წესრიგი ვერ გაუმკლავდება
ძალადობას.
საშინაო და საგარეო
საქმეებს შორის თვისობრივ განსხვავებათა საპოვნელად, უნდა მოიძებნოს სხვა კრიტერიუმიც,
გარდა ძალადობის გამოყენებისა. განსხვავება პოლიტიკის საერთაშორისო და ეროვნულ სფეროებს
შორის არ მდგომარეობს ძალის გამოყენებაში ან არგამოყენებაში, არამედ მათ განსხვავებულ
სტრუქტურებში. მაგრამ თუკი ძალადობრივი თავდასხმის საფრთხეები დიდია, ვთქვათ, დეტროიტის
ცენტრში საღამოს სეირნობისას, ვიდრე საფრანგეთის და გერმანიის საზღვარზე პიკნიკის დროს,
რა პრაქტიკულ განსხვავებას ქმნის სტრუქტურული განსხვავება? ეროვნულ, ისევე როგორც საერთაშორისო
დონეზე, ურთიერთობა წარმოშობს კონფლიქტს და ზოგჯერ ძალადობაშიც გადაიზრდება. განსხვავება
ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკას შორის მდგომარეობს არა ძალის გამოყენებაში, არამედ
მასთან დაკავშირებით რაიმეს გასაკეთებლად ორგანიზაციის განსხვავებულ ფორმებში. მთავრობა,
რომელიც ლეგიტიმურობის გარკვეული სტანდარტით მართავს, საკუთარ თავზე იღებს ძალის გამოყენების
უფლებას, - რომ გამოიყენოს მრავალგვარი სანქცია, რათა გააკონტროლოს თავის ქვეშევრდომთა
მიერ ძალის გამოყენება. თუკი ზოგიერთი კერძო ძალას იყენებს, სხვებმა შეიძლება მთავრობას
მიმართონ. მთავრობას არ აქვს მონოპოლია ძალის გამოყენებაზე, რაც სავსებით ცხადია. თუმცა,
ქმედით მთავრობას აქვს მონოპოლია ლეგიტიმური
ძალის გამოყენებაზე, ხოლო ლეგიტიმური აქ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა
ამოცანაა, ხელი შეუშალონ და აღკვეთონ ძალის კერძო გამოყენება. მოქალაქეებს არ უნდა
სჭირდებოდეთ მომზადება თავდაცვისათვის. ამას სახელმწიფო ორგანოები აკეთებენ. ეროვნული
სისტემა არ არის თვით-დახმარების სისტემა. საერთაშორისო სისტემა კი ასეთია.
Comments
Post a Comment