მდგრადი განვითარება: საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი პარადიგმა?



მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში თანდათან ფეხს იკიდებს კლიმატის ცვლილების საკითხი. გარემოს დაცვა, როგორც საერთო სიკეთე, საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების ერთ-ერთი ძირითად პარადიგმად ყალიბდება. უნდა ითქვას, რომ ამ სფეროში საერთაშორისო პოლიტიკაში მხოლოდ პრაქტიკული ნაბიჯების შემდეგ ყალიბდება მისი თეორიული სტრუქტურა. დღეს «დასავლეთში» ძალიან აქტუალურია «მდგრადი განვითარების» თემა, რომლის შესახებაც არაერთი ნაშრომი თუ სტატია იწერება. მის სინონიმებად ხშირად გამოიყენება, მაგალითად, ზოგადად ტერმინი «მდგრადობა», ასევე «გარემოს დაცვა», «კლიმატის ცვლილება», ან, უფრო ფართოდაც, «ადამიანის ინტეგრალური განვითარება». მართალია ეს ტერმინები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ბევრი საერთოც აქვთ.

«იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად» - ლოზუნგი, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს მდგრადი განვითარების მიდგომას. თუმცა, თუკი ქართულ სინამდვილეს გადავხედავთ, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებშიც კი მდგრადი განვითარების თემას არასერიოზულად უდგებიან, რომ აღარ ვახსენოთ, რომ მის შესახებ პრაქტიკულად არ არსებობს ნაშრომები ან სტატიები. ეს ხდება მაშინ, როდესაც დასავლეთში ის მეტად აქტუალურ და მნიშვნელოვან პარადიგმად ყალიბდება. თუკი თვალს გადავავლებთ უკანასკნელ წლებში საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ გამოცემულ წიგნებს, სახელმძღვანელოებს, სხვადასხვა სახის ნაშრომსა თუ სტატიას, დავინახავთ, რომ სულ მეტი ადგილი და ყურადღება ეთმობა მდგრადი განვითარების საკითხებს (განსაკუთრებული მინიშნება კეთდება გარემოს დაცვასა და ქალების უფლებებზე ან, უფრო ფართოდ რომ ვთქვათ ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ფემინისტურ ხედვაზე, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად თეორიადაც ჩამოყალიბდა).

ტერმინი მდგრადი განვითარება ნაკლებად ცნობილია ბევრი საზოგადოებისთვის. უკანასკნელ წლებში გავრცელდა ალტერნატიული ტერმინები და კონცეფციები, რომლებიც ხშირად ანაცვლებენ მდგრადი განვითარების ადგილს საერთაშორისო დისკუსიებში. მაგალითად: კლიმატის ცვლილება და «დაბალი ნახშირბადის ეკონომიკის» იდეა ხშირად გამოიყენება მრავალი კომპანიის და პოლიტიკოსის მხრიდან (თუმცა, 2009 წლის კოპენჰაგენის შეთანხმების შემდეგ თანდათან გაუჩინარდა); მწვანე ეკონომიკა და მწვანე განვითარება პოპულარულ ტერმინებად იქცა, განსაკუთრებით კომპანიებში, თუმცა ხშირად არასწორად გამოიყენება მათი მნიშვნელობა; რესურსების სიმწირე (დეფიციტი) კიდევ ერთი ტერმინია, რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ტერმინი შესაძლოა უფრო ნაცნობი იყოს ეკონომიკის პოლიტიკოსებისა და კერძო სექტორისთვის, თუმცა ის ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას ბიომრავალფეროვნებაზე.

გამოთქმა მდგრადი განვითარება საერთო გამოყენებაში შემოვიდა ბრუნდტლანდის (კომისიის თავმჯდომარე) ანგარიშის შემდეგ (1987წ), რომელსაც ეწოდებოდა «ჩვენი საერთო მომავალი». აღნიშნული ანგარიში შეიმუშავა გარემოს და განვითარების მსოფლიო კომისიამ (WCED), რომელმაც მუშაობა 1983 წლიდან დაიწყო. მის მიერ მიღებული მდგრადი განვითარების განსაზღვრება - მაშასადამე, განვითარება, რომელიც ეკონომიკური ზრდის იმპერატივებს აკავშირებს ბუნების დაცვის იმპერატივებთან - შემდეგნაირი იყო: «განვითარება, რომელიც აკმაყოფილებს დღევანდელი თაობების საჭიროებებს, ისე რომ შელახული არ იქნას მომავალი თაობების შესაძლებლობა, რომ საკუთარი საჭიროებებიც დაიკმაყოფილონ». «მდგრადი განვითარების» ცნების საპირისპიროდ, ხშირად, გვევლინება «ტექნიკური პროგრესი», რომელიც უგულებელყოფს პლანეტის სტრუქტურულ შეზღუდვებს ამოწურვადი რესურსების და გლობალური წონასწორობის პირობებში. ბრუნდტლანდის ანგარიშში წარმოდგენილი კონცეფციები და დირექტივები საერთაშორისო დონეზე განვითარდა გაერთიანებული ერების კონფერენციაზე გარემოს და განვითარების შესახებ, რომელიც 1992 წლის ივნისში მოეწყო რიო დე ჟანეიროში. თუმცა, მდგრადი განვითარების იდეის წანამძღვრები სტოკჰოლმის დეკლარაციაში მოიპოვება, რომელიც მიიღო გაეროს კონფერენციამ ადამიანის გარემოს შესახებ (1972 წლის 5-16 ივნისი).

სტოკჰოლმის კონფერენციაზე გამოჩნდა აქტუალური პრობლემები და მათი მოგვარების შესაძლო გზები, რომლებიც ორი ათწლეულის შემდეგაც დებატების ცენტრში იქნება რიოს კონფერენციაზე, იმგვარ ატმოსფეროში, სადაც გაბატონებულია გარემოს პოლიტიკას და ეკონომიკურ პოლიტიკას შორის უდავო ურთიერთდამოკიდებულების შეგნება, და «ღარიბთა სამყაროს» შიშები (სტოკჰოლმის კონფერენციის ლოზუნგი იყო «მხოლოდ ერთი დედამიწა», მაგრამ სხვადასხვა დელეგაციები საუბრობდნენ ორ სამყაროზე, ორ პლანეტაზე, ორ კაცობრიობაზე), რასაც კარგად წარმოაჩენდა პაკისტანის წარმომადგენელი: «დღეს, თქვენ სამყაროში ცხოვრების დონეზე სწუხან; ჩვენ სამყაროში თვითონ ცხოვრება აწუხებთ ... თქვენ შეგიძლიათ დაბინძურებული სანაპიროები გაწუხებდეთ. ჩვენ ის ფაქტი უნდა გვაშფოთებდეს, რომ მესამე სამყაროში მოსახლეობის მხოლოდ 10%-ზე ნაკლებს მიუწვდება ხელი სასმელ წყალზე».

ოცი წლის შემდეგ, უკვე სახეცვლილ საერთაშორისო კონტექსტში, რაც განპირობებული იყო ბიპოლარული სამყაროს დასრულებით, 1992 წლის 3-14 ივნისს რიო დე ჟანეიროში მოეწყო გაერთიანებული ერების კონფერენცია გარემოს და განვითარების შესახებ (UNCED), რომელშიც 183 სახელმწიფო მონაწილეობდა. «დედამიწის სამიტს» (ხშირად ასეც უწოდებენ  რიოს შეხვედრას) უნდა აემაღლებინა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მგრძნობიარეობა გარემოს და განვითარებას შორის ინტეგრაციის პრობლემის მიმართ. რიოს კონფერენციის ჩარჩოებში მიღებული იქნა შემდეგი აქტები: დეკლარაცია გარემოს და განვითარების პრინციპები შესახებ; დღის წესრიგი 21; და დეკლარაცია ტყეების მართვაზე, დაცვასა და მდგრად განვითარებაზე გლობალური კონსენსუსის პრინციპების შესახებ. მართალია რიოს დეკლარაცია არ მიეკუთვნება იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების კატეგორიას, მისი წვლილი საერთაშორისო სამართლის პროგრესულ განვითარებაში არ შემოიფარგლება უბრალოდ ნორმატიული განზომილებით, არამედ სისტემურიცაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმოიშვა გარემოს საერთაშორისო სამართლის ერთგვარი სისტემა, რომელიც გარემოს სფეროში საერთაშორისო სამართლის უბრალო ნორმაზე მეტია.

რიოს კონფერენციის განმავლობაში ხელმოწერისთვის ღია იყო კონვენციები ბიომრავალფეროვნების  და კლიმატური ცვლილებების შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა, შესაბამისად, 1993 და 1994 წლებში. მათ მნიშვნელობას განსაკუთრებით ადასტურებს მდგრადი განვითარებისადმი ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების დღევანდელ ეპოქაში. როდესაც საერთაშორისო კონტექსტში გლობალური კონვენციების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს კონვენცია კლიმატის შესახებ და მისი პროტოკოლი, რომლებიც 1997 წლის 10 დეკემბერს მიიღეს კიოტოში. მათი მიზანი იყო, შეექმნათ სავალდებულო ინსტრუმენტი სათბური აირების შესამცირებლად. აღნიშნული პროტოკოლი საბოლოოდ ძალაში შევიდა 2005 წლის 16 თებერვალს, მრავალწლიანი წინააღმდეგობების და კომპრომისების შემდეგ. კიოტოს პროტოკოლი შესაძლებლობას აძლევდა განვითარებულ ქვეყნებს, რომ დასახული მიზნები განეხორციელებინათ «მოქნილი იმპლემენტაციის მექანიზმებით» ან «ერთობლივი იმპლემენტაციით».

რიოში, მდგრადი განვითარება, რომელსაც მხარი დაუჭირა მსოფლიო საზოგადოებამ, გარემო/განვითარების ურთიერთობათა უდავო პარადიგმად იქცა. მაგრამ მხოლოდ 1997 წელს «რიო+5» ფორმატში დაემატა მდგრად განვითარებას სოციალური (მესამე) სვეტი, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა, რომ გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება და სოციალური განვითარება მდგრადი განვითარების სამი ურთიერთდამოკიდებული განზომილებაა. ცნების ამგვარი დაბალანსება მოგვიანებით  დაადასტურა და განაზოგადა 2002 წლის იოჰანესბურგის სამიტმა მდგრადი განვითარების შესახებ.

2009 წლის ნოემბერში, კოპენჰაგენის შეხვედრების დაწყებამდე ბევრი ოპტიმისტურად უცქერდა მომავალს, როდესაც ჩინეთმა გამოაცხადა თავისი გეგმა, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებდა სათბური აირების ემისიებს მომავალი ათწლეულის განმავლობაში. თავდაპირველი ოპტიმიზმის მიუხედავად, შეთანხმების მიღწევა რთული აღმოჩნდა. საბოლოოდ, შეთანხმება უკანასკნელ დღეს იქნა მიღწეული, რომლის მთავარი შუამავალი იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, რომელსაც ეხმარებოდნენ ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა (ხელშეკრულებას საქართველო 2010 წლის 1 თებერვალს მიუერთდა). მომდევნო წელს, კონფერენცია ჩატარდა კანკუნში, მექსიკაში, სადაც ქვეყნები მცირე მოლოდინებით ჩავიდნენ. საბოლოოდ, აღნიშნული შეხვედრა, რომელიც ემისიების შემცირებას ეხებოდა, წარმატებული აღმოჩნდა: სათბური აირების ემისიების შემცირებას მხარი დაუჭირა ბრაზილიამ, რომელსაც გვერდში ამოუდგნენ ევროკავშირი და სამხრეთ კორეაც. კანკუნის კონფერენციაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნიდნენ მწვანე კლიმატის ფონდს, რომლის ფულადი კაპიტალიც წელიწადში 100 მილიარდი დოლარი იქნებოდა (განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს ეს თანხა უნდა გაეღოთ ემისიების შემცირებისა და კლიმატის ადაპტაციისთვის 2020 წლისთვის).

2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში, გაეროს ყოველწლიური მოლაპარაკებებისთვის კლიმატის ცვლილების შესახებ ქვეყნები შეიკრიბნენ დოჰაში, კატარში. ამ შეხვედრის მცირე მიღწევებიდან აღსანიშნავია შეთანხმება, რომ მდიდარი განვითარებული ქვეყნები ფინანსებს გაიღებენ იმ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად, რომლებზეც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას კლიმატის ცვლილება. ცხადია, რომ რეალური პროგრესის მისაღწევად არ კმარა მხოლოდ ურთიერთშეთანხმება, არამედ საჭიროა მისი განხორციელებაც. ტყეების გაჩეხვა, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა, დაბინძურება და ემისიები, რომლებიც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას, წარმოადგენს საკითხებს, რომლებიც ეროვნულ საზღვრებს სცდება. მათთან გასამკლავებლად, საჭიროა ქვეყნების ერთობლივი მოქმედება. თუმცა, როდესაც ქვეყნები სწრაფი განვითარებისკენ ისწრაფვიან, რათა კონკურენტულები იყვნენ გლობალურ ბაზარზე, მთავარ დამბინძურებლებად იქცევიან. ქვეყნები, რომლებიც თვითგადარჩენისთვის ტრადიციულად დამოკიდებული იყვნენ საკუთარ ტყეებსა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე, ამჟამად ბუნებრივი რესურსის სიმწირეს განიცდიან, ვინაიდან ჩეხენ ან წვავენ ტყეებს, რათა ადგილი დაუთმონ სასოფლო-სამეურნეო მიწებს ან განვითარებას. ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გრძელვადიანი შედეგები აქვს არა მარტო მოცემული ქვეყნისთვის, არამედ სხვებისთვისაც.

2015 წლის 25 სექტემბერს, მსოფლიოს ლიდერებმა მიიღეს ე.წ. «მდგრადი განვითარების მიზნები», რომლებიც მომავალი 15 წლის განმავლობაში დირექტივებს უნდა წარმოადგენდნენ პოლიტიკოსებისთვის. მას ოფიციალურად ეწოდება «გარდავქმნათ ჩვენი სამყარო: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის», რომელშიც წარმოდგენილია 17 გლობალური მიზანი. პროცესში მონაწილეობდა 193 სახელმწიფო. გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, ეს იყო «საყოველთაო, ტრანსფორმაციული  და ინტეგრირებული დღის წესრიგი», რომელმაც წარმოაჩინა «ისტორიული გარდატეხის მომენტი ჩვენი სამყაროსთვის». იმავე წლის დეკემბერში, პარიზის კონფერენციაზე კლიმატის შესახებ (COP21) 195-მა ქვეყანამ მიიღო პირველი საყოველთაო, სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმება კლიმატის შესახებ. ის წარმოადგენს გლობალურ სამოქმედო გეგმას, რათა თავიდან იქნას აცილებული კლიმატის სახიფათო ცვლილება, რისთვისაც გლობალური დათბობა დაყვანილი უნდა იყოს 2°C-ზე ქვემოთ (შეთანხმებას საქართველომ 2016 წლის 22 აპრილს მოაწერა ხელი). აღნიშნული შეთანხმება აგრეთვე აღიარებს არა-სახელმწიფო აქტორების სამოქმედო პოტენციალსაც. დღესდღეობით, «სამოქმედო დღის წესრიგი» მოიცავს 70-ზე მეტ ინიციატივას, რომლებშიც ჩართულია 180 ქვეყნის 10 000 აქტორი.


"მარში კლიმატის ცვლილებისათვის", პარიზი, 2015წ.

მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის არასასურველი აღმოჩნდა შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა. აღნიშნული არჩევანი მალევე აისახა «კლიმატის პოლიტიკაზე», როდესაც სულ ცოტა ხნის წინ თეთრი სახლის ვარდების ბაღში მან განაცხადა, რომ პარიზის შეთანხმება ზიანს აყენებს და აღარიბებს შეერთებულ შტატებს. მისი მტკიცებით, «იმისათვის, რომ შევასრულო ჩემი საზეიმო მოვალეობა და დავიცვა ამერიკა და მისი მოქალაქეები, შეერთებული შტატები დატოვებს პარიზის შეთანხმებას კლიმატის შესახებ... მაგრამ დაიწყებს მოლაპარაკებებს, რათა კვლავ შეუერთდეს პარიზის შეთანხმებას ან მთლიანად ახალ შეთანხმებას იმ პირობებით, რომლებიც სამართლიანია შეერთებული შტატებისთვის». ამ განცხადების საპასუხოდ, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც უარყოფდნენ შეთანხმებაზე ხელახალ მოლაპარაკებას: «ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2015 წლის დეკემბერში პარიზში წარმოქმნილი იმპულსი შეუქცევადია და მტკიცედ გვწამს, რომ არ შეიძლება ხელახლა იქნას განხილული პარიზის შეთანხმება, ვინაიდან ის სასიცოცხლო ინსტრუმენტია ჩვენი პლანეტისთვის, საზოგადოებებისა და ეკონომიკებისთვის».

2017 წლის მაისის ბოლოს, იტალიაში გაიმართა დიდი შვიდეულის შეხვედრა, რომელიც წინააღმდეგობრივი გამოდგა. დაძაბული მოლაპარაკებების დროს თავი იჩინა უთანხმოებამ ვაჭრობის და კლიმატის ცვლილების საკითხებზე (პრეზიდენტ ტრამპს და დანარჩენ ლიდერებს შორის). იტალიის პრემიერ მინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ აღიარა, რომ თანხმობა ვერ იქნა მიღწეული კლიმატური ცვლილების საკითხზე, ვინაიდან პრეზიდენტმა ტრამპმა უარი განაცხადა შეერთებული შტატების მონაწილეობაზე გლობალურ შეთანხმებაში. საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ. მისი თქმით, კლიმატის ცვლილების შედეგები პირდაპირ აისახება ეროვნულ უსაფრთხოებაზე. «თუკი არაფერს მოვიმოქმედებთ, ჩვენი შვილები ნახავენ მიგრაციების, ომების, დეფიციტის სამყაროს. სახიფათო სამყაროს», განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა. ბოლოს კი, მაკრონმა მოუწოდა ამერიკელებს, ფრანგებს და დანარჩენ მოკავშირეებს, რომ «კვლავაც დიდებული გავხადოთ ჩვენი პლანეტა».

მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა (ამის აშკარა მაგალითად ტრამპის პოზიციაც კმარა), მდგრადი განვითარების ცნება მყარად მკვიდრდება ყოველდღიურ ცხოვრებასა და, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკასა და თეორიაშიც. მსოფლიო ხედავს, რომ ადამიანის ზემოქმედება გარემოზე თვალშისაცემია, რასაც უარყოფითი შედეგები მოაქვს მთელი პლანეტისათვის. ამ პრობლემასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული დღევანდელი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საფუძვლიან გადახედვას საჭიროებს. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ადასტურებენ, რომ ადამიანის ზეგავლენა გარემოზე აშკარად საგრძნობია, თუმცა კლიმატის ცვლილება ამ მიზეზით არ ხდება. ამგვარი მოსაზრება, სულ მცირე, ალოგიკურად ჟღერს! და მაინც, თავისი მზარდი მნიშვნელობის გამო, მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში მდგრადი განვითარება თავის დამსახურებულ ადგილს დაიკავებს საერთაშორისო ურთიერთობების პარადიგმებს შორის.

Comments

პოპულარული

დიპლომატიის ენა და დიპლომატიური ენა

რეალიზმიდან ნეორეალიზმამდე - კენეთ უოლცი

დიპლომატია შუა საუკუნეებში: რომის კათოლიკე ეკლესია